სასკოლო სასწავლო გეგმა

2017-2018 სასწავლო წელი

სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა:

  • სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დააზუსტოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვა;
  • განსაზღვროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
  • დაგეგმოს სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:

  • სკოლის მისია;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • სასკოლო საათობრივი ბადე;
  • სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
  • დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა.

2017/2018 სასწავლო წლის კალენდარი

სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში

  1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად.მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
  2. სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
  3. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:
    1. სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
    2. გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
  4. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში 35 წუთით. გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 15 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

I სემესტრი 15 .09 – 30.12 საშობაო არდადეგები — 31.12 -15.01
II სემესტრი 15.01 — 17.06 სააღდგომო არდადეგები — დიდი ხუთშაბათიდან მე-2 კვირის ხუთშაბათამდე

უქმე დღეები

  • 03.03 – დედის დღე
  • 08.03 – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 09.04 – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
  • 09.05 – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12.05 – წმინდა ანდრია მოციქულის დღე
  • 26.05 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • 14.10 – სვეტიცხოვლობა
  • 23.11 – გიორგობა

I – კლასები — გაკვეთილების განრიგი

გაკვეთილი დაწყება დამთავრება დასვენება
I 09:00 09:35 5 წთ
II 09:40 10:15 5 წთ
III 10:20 10:55 15 წთ
IV 11:10 12:45 5 წთ

II-X II კლასები — გაკვეთილების განრიგი

გაკვეთილი დაწყება დამთავრება დასვენება
I 09:00 09:45 5 წთ
II 09:50 10:35 5 წთ
III 10:45 11:30 5 წთ
IV 11:45 12:30 5 წთ
V 12:35 13:20 5 წთ
VI 13:25 14:10 5 წთ
VII 14:15 15:00 წთ

გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ეპიდემია და ა.შ). სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

მოსწავლეთა რაოდენობა

  1. მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 18-20 მოსწავლით;
  2. პარალელური კლასების რაოდენობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 21-22 ბავშვს;
  3. განაყოფები დასაშვებია, თუ მოსწავლეთა რაოდენობა არის:
    1. უცხოურ ენებში 15-ზე მეტი მოსწავლე;
    2. ქართულ ენაში 17-18 მოსწავლე;
  4. უცხოურ ენებში დასაშვებია ჯგუფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის მიხედვით.

სადამრიგებლო პროგრამა

კლასის დამრიგებლის მუშაობის პრინციპები:

  1. აღზრდის მთლიანობა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
  2. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  3. მოსწავლეთა ჩართულობა – ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
  4. თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი

დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

კლასის დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელს ევალება:

  1. წლიური სადამრიგებლო სამუშაო გეგმის შედგენა და დირექტორის მოადგილესთან შეთანხმება;
  2. სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“ კვირაში ერთხელ ჩატარება;
  3. მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
  4. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  5. მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ;
  6. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
  7. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
  8. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  9. გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება. კერძოდ,
    1. დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი).
    2. თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი, აცნობოს სკოლის დირექციას და საკითხთან დაკავშირებით შეასრულოს მისი ვალდებულებები;
    3. დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერ
      1. მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
      2.  მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
      3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე (ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა.(მოკლე დახასიათების პირად საქმეში შეტანა აუცილებელია)

დამრიგებელი ვალდებულია:

  1.  შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ;
     სასწავლო წლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში შეისწავლოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და წარუდგინოს დირექციას შემდგომი რეაგირების მიზნით;
  2.  დაუყოვნებლივ ჩააყენოს დირექცია საქმის კურსში, როცა ხედავს რომ კლასში პრობლემაა,მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური საჭიროება ,ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მოსწავლეზე განხორციელდა ძალადობა;
  3.  დაიცვას და გაუფრთხილდეს საკლასო ჟურნალს.ყოველი სასწავლო დღის ბოლოს აწაარმოოს ჟურნალზე პირველადი მონიტორინგი, კვირის ბოლოს კი ანგარიში წარუდგინოს დირექტორის მოადგილეს;
  4.  დაიცვას და შეასრულოს აღმზრდელობითი ღონისძიებების განრიგი.

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს:

  •  საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
  •  დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, სულ მცირე კვირაში ერთხელ;
  •  დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან, თეატრებთან) ურთიერთობის დამყარებას.

სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
  2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება – გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
  3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე;
  4. უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
  5. მოქალაქეობრივ – პატრიოტული ცნობიერება – ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
  6. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;
  7. IX კლასსა და XI ან XII კლასში დამრიგებელი ვალდებულია ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები.